მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.
„ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.
მისივე თქმით, „ეს ნიშნავს სწრაფ გადასვლას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე - რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისთვის.
“პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით გაურკვეველია. ამიტომ, ანგარიში იძლევა სიმულაციებს ეკონომიკური ზრდის შედეგების დიაპაზონის საილუსტრაციოდ, რომელთა მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს პანდემიის გამო. სცენარები მიუთითებს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი მოექცევა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის, სანამ დაიწყებს აღმასვლას 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენის და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად. „სოციალური დისტანცირება, არაარსებითი მნიშვნელობის მქონე კომპანიებისა და სკოლების დახურვა საჭირო ღონისძიებებია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთანავე, პოლიტიკა მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს აღნიშნული ღონისძიებების ეკონომიკურ ხარჯებს და უზრუნველყოფდეს სწრაფ და არა ხანგრძლივ აღდგენას პანდემიის დასრულების შემდეგ “,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ-კუნტმა.
ანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან. რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს - სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.
„მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს ფართო, სწრაფ რეაგირებას განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიაზე რეაგირების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად.
აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.