საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა. როგორც მალხაზ დოლიძემ პურის ფასზე საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ხორბალი საზღვაო და სახმელეთო გზებით შემოდის და მაისი-ივნისის ჩათვლით ქვეყანაში ხორბალზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არაა.
„რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში გემით შემოვიდა 6 ათასი ტონა ხორბალი. ზოგადად მაისი-ივნისის ჩათვლით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ხორბალზე დეფიციტი არ შეიქმნება. საერთოდ, ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ხორბალი და ფქვილი სატვირთო მანქანებით შემოდის რუსეთიდან. 300 ტრაილერი მუშაობს. უბრალოდ, ახლა შეფერხებაა იმ მხრივ, რომ საბაჟოზე შემოსვლისას მძღოლები სავალდებულო კარანტინს გადიან“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
მისივე თქმით, მათ შორის იმის გათვალიწინებით, რომ ამ პერიოდში ხორბლის ახალი მოსავალია, პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა.
მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, დიდი სავაჭრო ქსელები პურის რეალიზაციისთვის მიმწოდებლებისგან დიდ ქეშბექს ითხოვენ, ამიტომ პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნებოდა დედაქალაქში სარეალიზაციო ადგილების ცალკე გამოყოფა.