ფერმერთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ  მიწის ნაკვეთი დაამუშაონ

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად ჩატარდა.

გამოკითხული 175 ფერმერი და აგრობიზნესის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ COVID-19 -ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

გამოკითხულთა დაახლოებით 30% აცხადებს, რომ დოლარში არსებულ სესხზე გადასახადი გაიზარდა და როგორც ირკვევა, რესპონდენტების 40%-მა ისარგებლა ბანკის მიერ შემოთავაზებული სესხის გადავადებით.

ამის გარდა, რესპონდენტების 35% ადასტურებს, რომ ახალი სესხის აღება გართულებულია. კვლევის თანახმად, იკვეთება პრობლემები პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებითაც.

გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესების 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან სასტუმრო/კაფე/რესტორანი დაიხურა. ფერმერების ნახევარზე მეტი მიუთითებენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, წარმოებული პროდუქტის მიწოდება გართულებულია.

ფერმერთა ასოციაციამ კვლევის ფარგლებში მოამზადა რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელების დასახმარებლად კრიზისის დროს, ასევე კრიზისის შემდგომი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებისთვის. კერძოდ, ფერმერთა ასოციაცია მოკლევადიან პერიოდში ფერმერებისთვის იაფი (ან უპროცენტო) სესხების საჭიროებაზე მიუთითებს.

ასევე, სასწრაფოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს შორისაა: სასოფლო-სამეურნეო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის თესლის მიწოდება, მცენარეთა დაცვა და სასუქების მიწოდება, მიმდინარე თესვის სეზონის დროული წარმოების უზრუნველსაყოფად. საგადასახადო შეღავათები (მათ შორის საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტის გადასახადზე).

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.