სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ საქართველოსთვის არსებითი მხარდაჭერის გასაწევად, მთავრობასთან სათანამშრომლოდ და სამუშაოდ უპრეცედენტო ფინანსური ხელშეწყობის პაკეტის შესამუშავებლად.
„COVID-19 –ის პანდემია წარმოადგენს უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევას მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოს ღია ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ფულად გადარიცხვებზე დამოკიდებულების გათვალისწინებით. სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორი არნახულ სიმტკიცეს იჩენენ კრიზისის პირობებში და ერთად ეფექტურად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ეს კრიზისი ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ამჟამად საქართველოსთვის და კერძოდ ჯანდაცვის სექტორისთვის - ეს ეხება სოციალური უზრუნველყოფის სისტემას და დაცვის ღონისძიებებს კრიზისისადმი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი პირებისთვის, და რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენას, რომელიც სულ მალე ყველაზე დიდი აუცილებლობა გახდება. სამივე აღნიშნული განზომილება მოითხოვს არსებით და დიდი მოცულობის ინვესტიციებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქვეყნისთვის არსებითი მხარდაჭერის გასაწევად, მთავრობასთან სათანამშრომლოდ და სამუშაოდ უპრეცედენტო ფინანსური ხელშეწყობის პაკეტის შესამუშავებლად. ამ ინსტიტუტებს შორის არიან: აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, საფრანგეთის რესპუბლიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტო (AFD), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა KfW -ს საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი. ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს მთავრობის და განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ ამ კრიზისს”,-აღნიშნავს მოლინეუსი.
ცნობისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს განიხილავენ. ამის შესახებ ღია წერილშია აღნიშნული, რომელიც ADB, AIIB, EBRD, KfW, AFD, IMF და WB ერთობლივად აქვეყნებენ.