კორონავირუსის ეპიდემიის გამო შესაძლოა, მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 500 მილიონი ადამიანით გაიზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი Oxfam-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
”ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სწრაფად ვითარდება, უფრო ღრმაა, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი“, - აღნიშნულია კვლევაში.
ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, რაც გულისხმობს შემოსავლის შემცირებას 20% -ით, Oxfam-ი პროგნოზირებს, რომ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა (დღეში 1,9 დოლარს ან ნაკლებს ხარჯავს) მსოფლიოში 434 მილიონით გაიზრდება და 922 მილიონს მიაღწევს. ამავე დროს, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც დღეში 5,5 დოლარით ან ნაკლებით არსებობს, გაიზრდება 548 მილიონი ადამიანით და მიაღწევს თითქმის 4 მილიარდს.
კვლევის მიხედვით, ქალები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები, რადგან ისინი უფრო მეტად მუშაობენ არაფორმალურ ეკონომიკაში.
კორონავირუსის ეფექტების შემსუბუქების მიზნით, Oxfam-ი წარმოადგენს ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს ფულადი გრანტებისა და დახმარების გაწევას საჭიროების მქონე მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, ასევე სესხების შემსუბუქებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას. სიმდიდრის და მაღალი შემოსავლების დაბეგვრა ხელს შეუწყობს საჭირო თანხების მობილიზებას - მიაჩნიათ Oxfam-ში.