ჩვენ ვაგრძელებთ სისტემურ და დიდ პროექტებს, სადაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კონტრაქტორები არიან ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მათი კონტროლი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის ნაწილში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კომპანია გაჩერებულია, ვინაიდან, არ აქვთ გავლილი შესაბამისი შემოწმება, თუმცა პროცესი დაწყებულია. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა დააკმაყოფილა მოთხოვნები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც წარმატებით ვერ გაიარეს შესაბამისი პროცედურა და ვიდრე არ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ.
„ეს არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და როგორც ჩანს, მომავალი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, როცა შრომის უსაფრთხოება უკვე პანდემიასთან გამკლავების ნაწილსაც მოიცავს. რაც შეეხება ეკონომიკურ სტაბილურობას, დღეს გავრცელდა ჩვენი პარტნიორების - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გზავნილი, რომლებმაც სოლიდარულად კიდევ ერთხელ გამოხატეს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს თუ რამდენად წარმატებული იყო ჩვენთან მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები და ქვეყნის მზაობა ასეთი ტიპის გამოწვევების მიმართ. სამწუხაროდ, გლობალური კრიზისის პირობებში, ჩვენი ეკონომიკა ზიანდება ტურიზმის, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქტივობების შეზღუდვით, ამ ფონზე კი ჩვენი პარტნიორები ხედავენ თუ რამდენად თანმიმდევრულად და წინდახედულად ვმოქმედებთ ეპიდემიის გამკლავების ნაწილში და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის. ამიტომ მათ აქვთ საფუძველი, რომ მყარად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას. საფინანსო ინსტიტუტების წერმომადგენელთა ძირითადი ნაწილი დღესაც აქ, საქართველოშია, განაგრძობენ უსაფრთხოდ მუშაობას და 24-საათიან რეჟიმში გვეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“ , - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.