ახალი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მან უნდა დარეკოს 112-ზე და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამის რეგიონში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ სერვისზე მორგებულ კლინიკაზე, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეები პროფესიონალ ექიმებთან გაივლიან კონსულტაციას და თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ამის შემდეგ შესაბამისი ჩივილების მქონე ადამიანი მიმართავს ე. წ. ცხელების ცენტრს, რომელიც სპეციალურად ამ ვირუსის მკურნალობაზეა სპეციალიზებული.
„როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რაც დაგვეხმარება ვირუსით დაავადების შესაძლო შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირებაში. ასეთი გადამისამართების ე.წ. ტრიაჟის სისტემა, როგორც მას ექიმები ეძახიან, საშუალებას მოგვცემს საავადმყოფოებზე ზეწოლა შემცირდეს, რადგან ცნობილია, რომ ვირუსის მატარებელთა 80% შემთხვევაში დაავადება, შესაძლოა, მსუბუქად მიმდინარეობდეს, ასევე, შესაძლა, ოჯახის ექიმის მეთვალყუეობის ქვეშ სახლში გაგრძელდეს იმ ადამიანების მკურნალობა, ვისი ჯანმრთელობაც ამის საშუალებას იძლევა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური პრევენციის მექანიზმი პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაცით, ვიცე-პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს მთელი რიგი ღონისძიებები და ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, ასევე ოჯახისა და სოფლის ექიმებთან იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში მოქალაქეებმა ოპერატიული და კომპეტენტური მომსახურება მიიღონ.