მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბოლო წლებში ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხისადმი გაგზავნილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ეფექტური რეფორმების წყალობით ჩვენი ეკონომიკა მომზადებული შეხვდა ამ ახალ გლობალურ გამოწვევას. ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ამ წლის იანვარში, როდესაც მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო კორონავირუსი, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდებოდა და იანვარში 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
„ეს გლობალური გამოწვევა იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მაგრამ აქამდე გატარებული და მიმდინარე რეფორმები დონორთა საზოგადოებას, ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს აძლევს იმის საფუძველსა და შესაძლებლობას, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, თუ რამდენადაც ეფექტურად ვმართვთ კორონავირუსის გამოწვევას ახლა, იმდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, დონორები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთდ გადავლახავთ ამ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევას და მზად არიან ჩვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.
„როგორც საერთშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დიპლომატების მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.