BTU-ს მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტების ინტერნეტ წვდომას კომპანია LAB უზრუნველყოფს

დისტანციური სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის კომპანია LAB–მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს ინტერნეტპაკეტები უსასყიდლოდ გადასცა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 16 მარტიდან სწავლება სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 100%-ით ონლაინ რეჟიმში განახლდა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებულ შეზღუდვების გათვალისწინებით, BTU გახდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ონლაინ სწავლება სტუდენტებისთვის სრულად დისტანციურად აამოქმედა. დისტანციური ლექციები და სემინარები ვებინარის ფორმატში, სალექციო ვიდეო ჩანაწერები, სრულად გაციფრებული სასწავლო მასალა, დისტანციურად შესრულებადი სასემინარო აქტივობები - BTU-ში სწავლა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

უნივერისტეტის პარტნიორმა კომპანია LAB-მა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს სოციალური პროექტი და ინტერნეტპაკეტი გადასცეს საჩუქრად იმ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებში შედიან. LAB ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მოწინავე კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს და უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ნერგავს სხვადასხვა ინდუსტრიებში. LAB საქართველოში 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანიაა, რომლის ინტეგრირებული გადაწყვეტილებები უმარტივებს პროცესებს როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.