მთავრობას მივმართავ ინიციატივით, StopCoV ფონდში არსებული თანხის ნაწილი სტარტაპ-ფერმერებს მოხმარდეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილი იმ ხალხს უნდა მოხმარდეს, რომელიც ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა და მცირე მეურნეობის მოწყობა გადაწყვიტა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც StopCoV ფონდში შეიტანა თანხა. დღეს ამ ფონდში 125 მილიონი ლარია მობილიზებული. მთავრობას მივმართავ ინიციატივით, ამ თანხის ნაწილი მოხმარდეს სტარტაპ-ფერმერებს, ანუ ხალხს, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში და გადაწყვიტა მცირე მეურნეობის მოწყობა. ასეთი დღეს ათიათასობით ოჯახია. თუ ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით მეურნეობის გამართვაში, ეს იქნება მათთვის ანკესის მიცემა და არა თევზის. აგრო-კალენდარი ჯერ კიდევ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ხალხმა წელსვე მოიყვანოს ბოსტნეული ან მოაშენოს ფრინველი. ეს ყველაფერი სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც დაეხმარება ქვეყანას, რაც წელს დიდი გამოწვევაა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის სწორი კონსულტაციების მიცემაც, ვინაიდან მათ ეს ყველაფერი სწორად უნდა განახორციელონ. ასევე, აუცილებელია უფლება მიეცეთ სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებს დაკავდნენ სოფლის მეურნეობით, რაც ხშირად, მათთვის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი იყო. ეს წესი დროებით უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.