ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდებოდათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. ასე უპასუხა მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც კარანტინში უნდა ყოფილიყვნენ, სამსახურში დადიოდნენ.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

“ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ და მანამდე, ვიდრე მათ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურება კოვიდინფექციის, დადიოდნენ სამსახურში, უბრალოდ იმ მომენტისთვის არ ჰქონდათ არანაირი ჩივილი. შესაბამისად, არც დამსაქმელებს და არც ჯანდავის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აეკრძალა ამ ადამიანებისთვის მუშაობა. ისინი იცავდნენ იმ საჭირო საკარანტინე და თვითიზოლაციის პირობებს, რომლებიც იყო მითითებული ჩვენი მხრიდან და ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც დაავადებათ კონტროლის ცენტრთან, ასევე მათ დამსაქმებელთან და ისინი ასრულებდნენ ყველა მითითებას”, - განაცხადა მინისტრმა.