ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით 122 საწარმოა შემოწმებული. 58 კომპანიიდან კი, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეუჩერდათ, საქმიანობის უფლების აღდგენაზე სამინისტროს ხელახლა მიმართეს, თუმცა 20-მა კომპანია კვლავ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და საქმიანობის განხორციელების გაგრძელებაზე ისევ უარი მიიღეს.
„საწარმოების ინსპექტირება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. აქედან დიდი ნაწილი არის ის სისტემური მსხვილი საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან და აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ დიდი შენიშვნები ჩვენ ამ ნაწილში არ გვაქვს , რადგან ამ საწარმოებმა სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე, ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით. ასევე 58 საწარმო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მათ დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა მოგვმართეს რომ უფლება აღუდგეთ. აქედან, სამწუხაროდ, 20-მა კომპანიამ ვერ მიიღო დადებითი დასტური ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჰქონდათ მთელი რიგი ხარვეზები და მათ განემარტათ ეს ყველაფერი. ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“,-განაცხადა ნათია თურნავამ.