„ადამიანები თუ გაუშვი სახლში და არსებობის საშუალება არ მიეცი, მაშინ სხვანაირად უნდა დაეხმარო, საქართველოს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს“

„ადამიანები თუ გაუშვი სახლში და არსებობის საშუალება არ მიეცი, მაშინ სხვანაირად უნდა დაეხმარო, საქართველოს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს“ - ამის შესახებ ფინანსისტმა, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„კორონავირუსთან დაკავშირებით, ხელისუფლების ქმედებები როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური მიმართულებით იყო ადეკვატური და დადებით შეფასებას იმსახურებს. რაც იყო გაცხადებული იგივე 2 მლრდ-ის გამოყოფის თაობაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, აბსოლუტურად სწორი იყო.

რაც შეეხება ბიზნესის შეზღუდვას, არჩევანის გაკეთების საჭიროება დგება სამწუხაროდ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე უფრო სამედიცინო მიმართულებაზე გაკეთებულიყო აქცენტი. ამან შესაძლოა, თავისი შედეგი მოგვცა და საქართველოში ეს პროცესი არ არის ისეთი მძიმე ფორმებით, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში და თუნდაც შეერთებულ შტატებში.

მაგრამ ერთი სფერო არ უნდა დაუპირისპირდეს ეკონომიკას, იმიტომ, რომ თუ ადამიანები სახლში გაუშვი და არ მიეცი არსებობის საშუალება, მაშინ სხვანაირად უნდა დაეხმარო. საქართველოს კი არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამიტომაც მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკაში არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათ შორის ფინანსური დახმარების გამოყოფის თვალსაზრისით. ამისთვის არის აუცილებელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსების მობილიზება, რომ ეს რამდენიმე თვე გადავაგოროთ, რათა უკვე პოსტკრიზისულ პერიოდს სხვა ეტაპზე შევხვდეთ და აღორძინებაზე ფიქრი და მუშაობა უფრო ადვილი იყოს.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა, პრიორიტეტს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაზე და კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე. იქნებ ღირდეს დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ შეძლონ თავიანთი მეურნეობების უფრო გამსხვილება, რათა მათი ფინანსური რესურსებით თუ ტექნიკით უზრუნველყოფა უფრო ადვილი იყოს. ასევე განსასაზღვრია, რა პროდუქციის წარმოებაზე შეიძლება იყოს საუბარი. უნდა მოხდეს იმის მხარდაჭერა, რაც ტრადიციულია საქართველოსთვის. ამასთან, ვიფიქრებდი, სოფლის განვითარების სპეციალურ პროგრამაზე პირველ რიგში. ამ სიტუაციამაც ცხადყო, რომ კრიზისებს უფრო სწრაფად ის ქვეყნები დაძლევენ, რომლებსაც მეტნაკლებად თვითკმარი ეკონომიკა აქვს. ყველა სახელმწიფოსთვის არსებობს რაღაც ბაზისი - უნდა გქონდეს მინიმალური ოდენობის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში შენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უზრუნველყო,“- განაცხადა ბასილიამ.

თაია არდოტელი