ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე მოსახლეობას ბზის უკანონო მოპოვებაზე სანქციების გამკაცრების შესახებ აფრთხილებს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის უკანონო მოპოვებაზე სანქციები გამკაცრდა და კანონის დამრღვევს 500-დან 1000 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმა და შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

იორდანიშვილის განმარტებით, ბზის სარეალიზაციოდ მოპოვება შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებში, რისთვისაც ადგილწარმოშობის ცნობაა საჭირო.

„ბზობის დღესასწაულის დაწყებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს შეახსენოს მოსახლეობას, რომ ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოპოვება ტყის ფონდის ტერიტორიაზე არის აკრძალული და დასჯადი. ბზა არა მხოლოდ რელიგიური დანიშნულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ის არის ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.

სამწუხაროდ, ბზობის წინ ხდება უკანონო მოპოვება და ამიტომ ვცდილობთ, შევახსენოთ მოქალაქეებს, რომ სანქციები არის საკმაოდ მკაცრი, კონტროლი არის მკაცრი. ამასთანავე, სანქციებმა მოიმატა კიდეც და 500-დან 1000 ლარამდეა ადმინისტრაციული ჯარიმა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი, იგი ითვლება სპეციალური მეთოდოლოგიით და თუ ეს თანხმა 1000 ლარს აღემატება, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება.

ბზის მოპოვება დასაშვებია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს კერძო სანერგეებიც, სახელმწიფო სანერგეებთან ერთად, თუმცა ბზის ამ ტიპით მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა, ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.