კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.
9 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 33.85 დოლარია, WTI-ის კი 26.06. შედეგად, ნავთობიმპორტიორ ქვეყნებში საწვავის ფასი სულ უფრო მეტად მცირდება.
მაგალითად, საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, საწვავის ფასი დაახლოებით, 5-ჯერ შეიცვალა. როგორც წესი, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება პირდაპირ აისხება ფასწარმოქმნაზე, თუმცა მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემამ ჩვენს ქვეყანაში საწვავის გაიაფებას შეუწყო ხელი.
საწვავის ფასის ზოგად შემცირებასთან ერთად, იმ მომხმარებლებს, ვინც სხვადასხვა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავს ფასდაკლების ან ლოიალური მომხმარებლის ბარათებით ასხამენ, კიდევ უფრო ნაკლების გადახდა უწევთ.
საქართველოში ავტომფლობელების უმეტესობა დიზელისა და რეგულარის ტიპის საწვავს მოიხმარს. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევრო დიზელი, პრემიუმი და გაზიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვადასხვა კომპანიის ფასები ერთმანეთისთვის შეგვედარებინა და გამოგვეკვეთა ისიც, ფასდაკლების ბარათების მფლობელებს რამდენის გადახდა უწევთ საწვავის შესაძენად.
რეგულარი
საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი და პრემიუმთან შედარებით ხელმისაწვდომია. ფასები რომ შევადაროთ, 8 აპრილს „სოკარის“ ქსელში ის 2.33 ლარი ღირდა, „ვისოლის“ ქსელში - 2.35, „გალფის“ – 2.25 „რომპეტროლის“ – 2.34, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება „ლუკოილის“ ქსელში ჰქონდა და – 2.17 ლარი იყო.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რეგულარის საწვავის „სოკარში“ 2.08, ხოლო „ლუკოილში“ 2.10 ლარი ღირდა.
პრემიუმი
8 აპრილის მონაცემებით, პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება „სოკარის“ ქსელში 2.43 ლარია, „ვისოლის“ ქსელში 2.45, „გალფის“ – 2.39, „რომპეტროლის“ –2.44, ხოლო „ლუკოილოს“ – 2.33.
ფასდაკლების ან ლოიალური მომხმარებლის ბარათით პრემიუმ საწვავს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად - 2.18 ლარად, 8 აპრილის მონაცემებით, „სოკარის“ ქსელში შეიძენდით.
დიზელი
8 აპრილის მონაცემებით, დიზელს სხვადასხვა ქსელში შემდეგი ფასები ჰქონდა: „სოკარი“ – 2.27, „ვისოლი“ – 2.41;
რაც შეეხება იმას, თუ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რომელ ქსელში აქვს დიზელს ყველაზე დაბალი ფასი, აღმოჩნდა, რომ ეს ისევ „სოკარის“ ქსელშია და 8 აპრილს 2.07 ლარი დაფიქსირდა.
ევრო დიზელი
8 აპრილის მონაცემებით, ევრო დიზელს სხვადასხვა ქსელში შემდეგი ფასები ჰქონდა: „სოკარი“ – 2.37, „ვისოლი“ – 2.45; „გალფი“ – 2.35; „რომპეტროლი“ – 2.41; „ლუკოილი“ – 2.38.
რაც შეეხება იმას, თუ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რომელ ქსელში აქვს ევრო დიზელს ყველაზე დაბალი ფასი, აღმოჩნდა, რომ ეს ისევ „სოკარის“ ქსელშია და 8 აპრილს 2.17 დაფიქსირდა.
გაზი
ნავთობის ფასის შემცირება რა თქმა უნდა, გაზზეც აისახა და მისი ღირებულებაც მკვეთრად დაეცა. 8 აპრილის მონაცემებით, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მისი ღირებულება 1.30 იყო, „ვისოლის“ – 1.43, „გალფის“ – 1.45, ხოლო დანარჩენი ბრენდული კომპანიები გაზის რეალიზაციას არ ეწევიან.
ფასდაკლებით გაზს ყველაზე დაბალ ფასად - 1.25 ლარად „სოკარში“, შემდეგ კი 1.30 ლარად „გალფში“ შეიძენდით.
ჯერჯერობით უცნობია, შენარჩუნდება თუ არა საწვავის ფასის კლების ტენდენცია, რადგან 8 აპრილთან შედარებით, 9 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.