"უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკვები პროდუქტების თვალსაზრისით აქვს"

უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკვები პროდუქტების თვალსაზრისით აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა საჭირო პროდუქტით მომარაგებას კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, არსებული შეზღუდვები და რეკომენდაციები დაიცვან.

„უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკვები პროდუქტების თვალსაზრისით აქვს. არსებული მექანიზმებით, ამ მუნიციპალიტეტში არანაირი ფორმით არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ შევაყოვნოთ კოვიდ19-ის გავრცელება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არ არის საკმარისი. აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ კოვიდ19-ის გავრცელება, დაიცვან საკუთარი თავი, საკუთარი ახლობლები და დაიცვან ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.