მარნეულსა და ბოლნისის შემდეგ მკაცრი სკარანტინო რეჟიმი ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მუნიციპალიტეტში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, 3 მკაცრ საკარანტინო ზონაში მთლიანად 166,2 ათასზე მეტი ადამიანი მოექცა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 4,2 ათასს მოქალაქეს, მარნეულის - 106 778-ს, ბოლნისის კი - 55 444-ს.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის 1 არასრულწლოვანია.