„გარემოვაჭრეებს, რომლებიც სხვადასხვა უბანში ვაჭრობენ, რეგულაციები არ შეეხებათ“

„გარემოვაჭრეებს, რომლებიც სხვადასხვა უბანში ვაჭრობენ, რეგულაციები არ შეეხებათ“ - ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აგრარული ბაზარი, რომ მათ მუშაობის გაგრძელების უფლება მიიღონ.

„აგრარული ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ მათ შორის შემდეგ მოთხოვნებს: მნიშვნელოვანია შესასვლელი და გამოსასვლელი იყოს სხვადასხვა, გამყიდველებს/დახლებს შორის დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი, შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერი, ყველა გამყიდველს უნდა ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი, ბაზრის ტერიტორიაზე უნდა იყოს სველი წერტილები ხელის დასაბანად და ჰიგიენური საშუალებები ხელის გასამშრალებლად და დეზინფექციისთვის, ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს პირბადე, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს თერმოსკრინინგი, ასევე 70 წელს ზემოთ არ უნდა იყოს არც მყიდველი, არც გამყიდველი და ა.შ.

აი, ეს მნიშნელოვანი მოთხოვნები თუ ექნებათ დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, იმ აგრარულ ბაზრებს გავხსნით. რაც შეეხება სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელ კორპუსებთან მყოფ/მოვაჭრე გარემოვაჭრეებს - თუ 1-2 ადამიანი დგას და მწვანილს ყიდის, მათ შეზღუდვები არ შეეხება, რადგან აქ რისკი მცირეა. თუმცა, თუ ამ შემთხვევაშიც მივიღებთ არაორგანიზებულ სახეს, ხალხის დიდ მასას და ა.შ. მაშინ, რა თქმა უნდა, რეგულაციები გავრცელდება,“-აღნიშნა კალანდაძემ.

თაია არდოტელი