მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით არ ისარგებლონ, მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკი-დან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ მარტის შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ. მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, სამივე თვეზე.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.