„ანაკლიის პორტი არის ახალი მიზიდულობის ცენტრი. ეს არის პროექტი, რომელიც, პრაქტიკულად, ახალ ისტორიას, ახალ დიალოგს დაგვაწყებინებს აფხაზებთან”, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტზე დაინტერესება ძალიან დიდია.
,,როცა ბიზნესში ვიყავი, მე შევხვდი აფხაზებს, რადგან მე მორალურად ჩავთვალე თავი მოვალედ, რომ როცა ამხელა პროექტი იყო მზად, უკვე მშენებლობა დაიწყო, ჰოლანდიური გემი ჩამოვიდა და უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელდა, მე შევხვდი აფხაზებს. რამდენიმე ლიდერსაც შევხვდი იქ და ვუთხარი, რომ მე არ ვიქნები მართალი, როგორც ქართველი, რომ აქ ამხელა პროექტი განვახორციელო და თქვენ უბრალოდ ინფორმირებულიც არ იყოთ. მე ვიყავი ბიზნესში და არასდროს მიფიქრია პოლიტიკაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი გეგმა პოლიტიკაში მოსვლა იმ დროს საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მე ამას ვაკეთებდი, როგორც ერთი ქართველი კაცი, ბიზნესმენი, რომელიც უზარმაზარ პროექტს ედგა სათავეში. უკვე 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო განხორციელებული. შემდეგ ეს გადაიზარდა სერიოზულ მეგობრობაში ამ ადამიანებთან და გაგრძელდა ისე, რომ ესეც არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ - ჩვენ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, პრაქტიკულად ჩუმად, 3 აფხაზი მწერალი წავიყვანეთ. ეს საზოგადოებამ არ იცის იმიტომ, რომ თავად მწერლებმა გვთხოვეს, ეს არ გაგვეჟღერებინა მაშინ. რა თქმა უნდა, ახლაც არ ვიტყვი გვარებს და სახელებს. გავაკეთეთ მათი წიგნის, აფხაზური წიგნების პრეზენტაცია ფრანკფურტში, წიგნის ფესტივალზე. იმის მერე გვაქვს კომუნიკაცია და ძალიან დიდი ინტერესია. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან დიდი ინტერესია. არაფერს ვლაპარაკობ გალის მოსახლეობაზე, მე ვსაუბრობ სოხუმზე და იქით. ეს არის ახალი მიზიდულობის ცენტრი. ეს არის პროექტი, რომლიც, პრაქტიკულად, ახალ ისტორიას, ახალ დიალოგს დაგვაწყებინებს ამ ადამიანებთან’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.