ხატია დეკანოიძის განცხადებით, წყაროს ინფორმაციით, “ფონდმა ქართუმ“ ოფშორში აკუმულირებული 100 მლნ გადარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი “გათეთრებული” და ოფშორიდან გადმორიცხული თანხაა. ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებობს წყარო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ „ფონდ ქართუს“ გადარიცხული 100 მილიონი ლარის ტრანზაქციებისა და წარმომავლობის გასაჯაროვებას სთხოვს.

„ჩვენ არა მხოლოდ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ეს აკუმულირებული თანხა არის „გათეთრებული“და შემდეგ ოფშორიდან გადმორიცხული, არამედ ჩვენ გვყავს წყარო, რომელიც ამბობს, რომ 100 მილიონი ლარი სწორედ აკუმულირდა ოფშორიდან და გადაირიცხა შესაბამისი სქემის შემდეგ ამ ფონდში. მოგიყვებით ძალიან მარტივად, რა სქემაზეა საუბარი: ყველამ კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა დანაშაულებრივი სქემა მამაცაშვილთან ერთად, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და მასთან ასოცირებულ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც მოგების დიდ ნაწილს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში რიცხავენ. ამ „გათეთრებული“ თანხით, შემდეგ უკვე ფინანსდება „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ღონისძიებები და, მათ შორის, რა თქმა უნდა, არჩევნები. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთმა გადამზიდავმა კომპანიამ, რომელიც აფილირებულია „საქართველოს რკინიგზასთან“, ოფშორით „გათეთრებული“ და აკუმულირებული 100 მილიონი გადაურიცხა პირდაპირ ამ ფონდს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკვე რამდენიმე დღეა, მაგრამ რეაგირება არის ნული. მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ამაზე საჯაროდ ისაუბრა , მაშინვე გაცოცხლდა 15 წლის წინანდელი საქმე და მან მიიღო ზარი პროკურატურიდან, რაც პირდაპირ კავშირშია და ადასტურებს იმას, რომ 100 მილიონთან დაკავშირებული არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ ინფორმაციაც არის სიმართლე. ამიტომ თუ ფონდი არ გაასაჯაროვებს ამ ინფორმაციას ტრანზაქციების შესახებ, ეს არის პირდაპირი დასტური, რომ მათ იციან ამ აკუმულირებული თანხის შესახებ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ და გენერალურ პროკურატურას მიმართა, მოკვლევა დაიწყონ.