საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები და დამცავი საშუალებები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს გაეგზავნათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქცია ადგილზე მყოფი დიპლომატების უსაფრთხოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ მუშაობა მაღალი რისკის ქვეყნებში უწევთ, სადაც მაღალია COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი.
„აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დამზადებული დამცავი სამედიცინო ნიღბები ასევე გადაეცა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.