საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, „ბიუ-ბიუს“ პროდუქტი გაძვირდეს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა. თუმცა, ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა იქონია.
„სანამ კორონავირუსით გამოწვეული ვითარება არ ჩაცხრება, ჩვენი პროდუქციის ფასი შენარჩუნდება. თუმცა, შემდეგ უკვე, ალბათ, მოგვიწევს გაძვირება. კომპანია თვეში დაახლოებით, მილიონი ლარის როტაციას აკეთებს, რომ პროდუქტის ფასი არ გაიზარდოს.
სირთულეები შექმნა ორმა ფაქტორმა, ხორბლის ფასის მატებამ და ლარის კურსმა. ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ვიზიარებთ შექმნილ მდგომარეობას, მომხმარებლის ინტერესებს და მაქსმალური გავაკეთეთ, რომ ფასი არ გაგვეზარდა. სანამ საგანგებო მდგომარეობა იქნება, ჩვენი პროდუქტი არ გაძვირდება“,- ამბობს რევაზ ვაშაკიძე.
თუმცა კითხვაზე, რა ვადებში და დაახლოებით, რამდენი პროცენტით მოიმატებს პროდუქციის ფასი, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირს.