ქობულეთის სოფლებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როდესაც ისინი პროდუქტის, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას საჭიროებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი
„დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევებში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.