საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენური საშუალებებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელის „სუფთა სახლის“ ყველა ფილიალი დროებით დაიხურა.
კომპანიაში დროებით დახურვის მიზეზად მთავრობის დადგენილებას ასახელებენ, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით კი, „სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს და შეუძლია თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს.
რეესტრის ამონაწერით, „სუფთა სახლი“ 2010 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად თამაღ ღვინიაშვილი იყო. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „სუფთა სახლში“ თამარ ღვინიაშვილი მხოლოდ 5%-ს ფლობს, კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი კი არის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს GRG Trading-ი.
კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „სუფთა სახლი“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.
ამავე ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „სუფთა სახლის“ შემოსავალი შეადგენდა 78,124 000 ლარს; საქონლის თვითღირებულება - 55,139 000 ლარს; წმინდა მოგება 3,860 000 ლარი.
2018 წლის ბოლოსთვის „სუფთა სახლი“ ბაზარზე 128 ფილიალით იყო წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით კი ფილიალების რაოდენობა 150-ს შეადგენს.