კომპანია „სილქნეტი“ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება

გვინდა გამოვეხმაუროთ გაზეთის „ბანკები და ფინანსები“ მიერ გამოქვეყნებულ ყოვლად უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ სტატიას, სადაც სილქნეტი მოხსენიებულია არაკეთილსინდისიერ და უპასუხისმგებლო კომპანიად. სტატიაში მოყვანილი ბრალდებები უსამართლო და ცილისმწამებლურია, უფრო მეტიც - ეს ბრალდებები წარმოადგენს აშკარა და უსამართლო თავდასხმას სილქნეტზე, რომლის სტრატეგიის ნაწილია, დაარსების დღიდან, იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო კომპანია და რომლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები მოიცავს მრავალ მიმართულებას, იქნება ეს განათლება, კულტურა, სპორტი თუ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი დაჭრილი მეომრებისა და ვეტერანების მხარდაჭერა. ამ რთულ პერიოდში, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქართული ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, ასეთი თავდასხმა დანაშაულის ტოლფასია.

გვინდა განვმარტოთ ის, რასაც ფინანსების და ეკონომიკის პროფილის პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური მედია თავად უნდა აანალიზებდეს და მართებულად აფასებდეს, უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირების და საზოგადოების დეზინფორმირების ნაცვლად. გაზეთისთვის „ბანკები და ფინანსები“ გასაგები უნდა იყოს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია თავისი სერვისებისთვის საჭირო რესურსებში ინვესტირებას უცხოურ ვალუტაში აწარმოებს ლარის კურსის ასეთი უპრეცედენტო ვარდნის ფონზე. ასეთ დროს სავსებით რეალურია, რომ არაერთი კომპანია სრულ კოლაფსში აღმოჩნდეს. სილქნეტი ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მდგრადობა და გააგრძელოს ოპერირება. ამ ვითარებაშიც კი, კომპანიამ არ გაზარდა მომსახურების ფასები, პირიქით, არაერთი შეღავათიანი შეთავაზება მიაწოდა მომხმარებლებს, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, სწავლა და ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით. სილქნეტი გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში, რათა მოსახლეობას არ შეუფერხდეს მომსახურების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის, მიწოდება და არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, არ გააჩერა ინსტალაციები. ინსტალაციის პირობების იმ ფორმით გაშუქება, როგორც ამას გამოცემა აკეთებს, არის როგორც სრული უცოდინრობა, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. დაუშვებელია ინსტალაციების ფასზე ლაპარაკი სიტუაციის ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას.

ამიტომ, განვმარტავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე: ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი გავიდა თვითიზოლაციაში, ბევრმა დატოვა ქალაქი და დროებით ქალაქგარეთ სახლებში გადავიდა საცხოვრებლად. მაშინვე მოხდა ინსტალაციებზე განაცხადების ზრდა და შემდგომმა დაკვირვებამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ის ერთთვიანი აბონენტები იყვნენ, ვინც დროებით, მხოლოდ კარანტინში ყოფნის პერიოდში ერთვებოდნენ, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ტოვებდნენ სილქნეტის ქსელს. ინსტალაციის განახლებული პირობები ერთის მხრივ ემსახურება კომპანიის ბიზნესის დაზღვევას და მეორეს მხრივ, აბონენტისთვის შეღავათების შენარჩუნებას და არა ფასების გაზრდას, როგორც ეს გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში

არის ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ ინსტალაციის საფასურის უმეტესი ნაწილი აბონენტებს უბრუნდება შეღავათის სახით, კერძოდ, გაუუქმდებათ სააბონენტო გადასახადი ქსელით სარგებლობის პირველ და მეოთხე თვეებში და საჩუქრად გადაეცემათ ჯეოსელის ოთხი სიმ-ბარათი: ოთხი ჯეოსელის ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით.

აქვე შევახსენებთ ყველა იმ ქმედებას, რაც სილქნეტმა გაატარა უკანასკნელ პერიოდში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და რაც მედიაში ფართოდ გაშუქდა, თუმცა გასაკვირია, რომ „ბანკების და ფინანსების“ ყურადღების მიღმა დარჩა:

  • ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე, კომპანიამ სრულიად უსასყიდლოდ გაუზარდა ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარე რიგ საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს და ასევე საკარანტინე ზონებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭიროებების მოძიებას, რათა შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს ინტერნეტის მიწოდებისთვის თუ სხვა მიმართულებით;
  • ცხელი ხაზის ნომრებთან კავშირი გახადა უფასო, ხოლო დაავადებეთა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზს უსასყიდლოდ გაუხსნა დამატებითი 60 არხი და ასევე წითელ ჯვარს გამოუყო ახალი უფასო ნომერი;
  • ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისთანავე, სილქნეტმა ყველა მსურველს, (არა მხოლოდ თავის აბონენტებს) უფასოდ გაუხსნა წვდომა თავის სასწავლო პლატფორმაზე „საშინაო სკოლა“ და მეტი სიმარტივისთვის გააუქმა პორტალზე რეგისტრაციის აუცილებლობა.
  • კომპანია განსაკუთრებულად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ახალი მაქსიმალურად შეღავათიანი პროდუქტებისა და პაკეტების შესაქმნელად როგორც ოპტიკური, ისე მობილური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, რომლებიც დისტანცირებულ რეჟიმში მუშაობისა და სწავლისთვის შეძლებენ მათთვის შესაფერისი შეთავაზების შერჩევას ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც, არ აქვთ დაფარული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტის სააბონენტო გადასახადი. ამას გარდა, კომპანია უფასოდ აწვდის აბონენტებს 20 მეგაბიტ ინტერნეტს სიჩქარის არსებულ შეთავაზებაზე და კიდევ ბევრი სხვა.

და ბოლოს, სილქნეტს ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს ემსახურებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა შეუფერხებლად მიაწოდონ სატელეკომუნიკაციო მომსახურება. მთელი მსოფლიოსთვის დამდგარ ამ რთულ დროს სილქნეტის მიზანია, დარჩეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად და აწარმოოს მდგრადი ბიზნესი, რაც უპირველეს ყოვლისა, თავისი თანამშრომლების, მომხმარებლისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. გაუგებარია, თუ ვის სჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ საპასუხისმგებლო პერიოდში იმ კომპანიაზე თავდასხმა, რომლის მომსახურებაც ადამიანებისა და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ გაზეთს გვინდა ვუთხრათ, რომ მსგავსი ქმედებისთვის და მკითხველის შეცდომაში შეყვანისთვის ახლა ყველაზე შეუფერებელი დროა.

(R)