OPEC+ ნავთობის მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე ამცირებს. კვირას საღამოს გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 1-ლი მაისიდან ივნისის ბოლომდე, ნავთობის მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებენ.
შეთანხმების მიღწევაზე „ტვიტერში“ წერს ქუეითის ნავთობის მინისტრი ხალედ ალ ფადელი. იმ ფაქტს, რომ მონაწილეები ნავთობის წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ასევე იტყობინება ყაზახეთის ენერგიის სამინისტროც.
ცნობისათვის, OPEC + ვირტუალური შეხვედრა, რომელიც გაიმართა 9 აპრილს, დასრულდა მხოლოდ პრინციპული შეთანხმებებით, რაც ითვალისწინებდა წარმოების 10 მილიონი ბარელით შემცირებას დღე-ღამეში. გარიგებას ხელი შეუშალა მექსიკის პოზიციამ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა შეთავაზებულ პირობას - ნავთობის დღიურად 400 000 ბარელით შემცირებას. საბოლოოდ მექსიკა მხოლოდ 100 000 ბარელს დათანხმდა, შედეგად კი გამოდის, რომ ნავთობის წარმოება დღიურად არა 10 მლნ ბარელით, არამედ 9,7 მლნ ბარელით მცირდება.