2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება 4051 მოქალაქეს აღმოუჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ამ დროისთვის საქართველოში 5540 ადამიანი დაბრუნდა.
„როგორც ცნობილია, გუშინ შესრულდა ბერლინი-თბილისის რეისი, რომელითაც ასევე ისარგებლა რამდენიმე მძიმე პაციენტმა, რისთვისაც სამინისტროს ორგანიზებით, სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა. შესაბამის სტატისტიკას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. COVID 19 -ის გავრცელების პირობებში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ მონაცემები უწყების ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად 5540 მოქალაქე დაბრუნდა,“- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.