ეკონომიკური გადარჩენისა და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე და ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, აუცილებელია „ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ეკონომიკაში.“
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად. მაგრამ, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე. ამიტომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ეკონომიკაში. არა აბსტრაქტულად, პოსტ-კრიზისულ პერიოდზე როგორც ეს აქამდე იყო, არამედ კონკრეტულად აპრილში თუ როგორ ეხმარება ის უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს. ასეთი გეგმა საგანგებო მდგომარეობის აუცილებელი ნაწილია, ჩვენ სამედიცინო კარანტინის ღონისძიებებს ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეკონომიკური გადარჩენის და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.