„თხევადი აირის (LPG) ბაზარი განვითარებისათვის  ცვლილებებს მოითხოვს“

თხევადი აირის (LPG) ბაზარი განვითარებისათვის ცვლილებებს მოითხოვს - ამის შესახებ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

კავშირის ცნობით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12.2 ათასი ტონა, რაც 6.0 ათასი ტონით ანუ 96.8 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, იმპორტის 94.3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა, მინიმუმ 6 (ექვსი) სეს ესნ კოდით. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 3.7 ათასი ტონის ანუ 30,3% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები). ამ კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისთვის ამ კოდის გავლით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი საწვავი.

ბოლო წლების განმავლობაში ზოგადად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG) გამოყენება საავტომობილო გამართვისათვის. ჩვენი აზრით, მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული ინდუსტრია არასწორად ვითარდება, რაც განპირობებულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით. თუმცა, ჩვენ შევეხებით ორ ძირითად პრობლემას: პროდუქციის იმპორტი და პროდუქციის ხარისხი.

რაც შეეხება იმპორტს: იმპორტის დროს სეს ესნ კოდით შემოსული აქციზური ნავთობპროდუქტი, რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც საავტომობილო საწვავი, საერთოდ არ იბეგრება აქციზის გადასახადით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამ გზით იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა თხევადი გაზის საერთო იმპორტის 30% -ს შეადგენს.

პროდუქციის ხარისხი: აღნიშნულ პროდუქტზე არ არსებობს ხარისხის სავალდებულო სტანდარტი, მაშინ როცა ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის შემთხვევაში მოქმედებს ხარისხის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა და პროდუქციის იმპორტი ვერ განხორციელდება თუ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

რაც შეეხება თხევად აირს, ევროკავშირში მოქმედებს სტანდარტი EN-589. იდენტური სტანდარტი მოქმედებს 2018 წლის 1 იანვრიდან რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და თითქმის ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ პროდუქტის შემადგენელი ფიზიკურ- ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ, პროპან-ბუტანის თანაფარდობა, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით უნდა იყოს მინიმუმ 89 ერთეული, გოგირდ-წყალბადი - 0 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 50 მლ/კგ, წყლის შემცველობა - 0 ერთეული, უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი და სხვა.

აღნიშნული მაჩვენებლები განსაზღვრავენ პროდუქტის ხარისხს, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი ეკოლოგიურ- ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს და სხვა. შესაბამისად, ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, თუ რამდენად აკმაყოფილებს საყოველთაოდ აღიარებულ სავალდებულო ხარისხობრივ მოთხოვნებს საავტომობილო თხევად აირთან დაკავშირებით საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული პროდუქტი.

ამ ყველაფერთან ერთად, ასევე სავარაუდოდ ადგილი აქვს აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების ფაქტებს. კერძოდ, რუსეთიდან შემოსული ზოგიერთი ავტროსატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირებული პროდუქტის განბაჟების დროს პროდუქციის თანხმლები საბუთებით მითითებული ტვირთის წონა არ შეესაბამება ფაქტიურად სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთული პროდუქტის მოცულობას, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს 2-4 ტონით უფრო მეტი, რაც ნიშნავს, რომ ადგილი აქვს პროდუქტის შემოდინებას განბაჟების გვერდის ავლით. ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნისა და ყველა მეწარმის თანაბარ პირობებში ჩაყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალების შეჩერების, პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში მომხმარებელთა უფლებებისა და ზოგადად ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭიროა ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება და ბ) ხარისხის სავალდებულო სტანდარტის შემოღება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შესაბამისად,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი