2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1 კვარტალი შესრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემები იქნება მე-2 კვარტალში - ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების ოდენობამ 3 736,5 მლნ ლარამდე შეადგინა , რაც კვარტლის გეგმაზე (3 465,3 მლნ ლარი) 271,2 მლნ ლარით მეტია.
„შესრულდა გადასახადების ნაწილიც. დაგეგმილი იყო 2 512,3 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2 673 მლნ ლარი და გადაჭარბებაა 160,2 მლნ ლარით.
რაც შეეხება ხარჯებს:- 235 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს გასაგებია, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას, ეს ხარჯები გასწიოს“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კუთხით უკვე დაწყებულია პრობლემები, ეს ჩანს აპრილში და რეალურად პრობლემა უფრო გამწვავდება მაისში.
„როგორც საგადასახადო შემოსავლების ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილია 2.5 % მშპ-სთან მიმართებაში, რაც წლის განმავლობაში გაიზრდება,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ „საქმიან დილაში“ ჩართვისას.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შევა რეცესიაში, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების პაკეტს პარლამენტში მაისში ელოდებიან.
დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.