ევროპა შესაძლოა, უფრო სერიოზული რეცესიის წინაშე აღმოჩნდეს, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონები. ევროპის ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშნები კი მხოლოდ მომავალი წლიდან დაიწყება - ამის შესახებ განცხადება ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლუის დე გინდოსმა გააკეთა.
ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა უარესდება ევროპაში საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების ფონზე. პირველ კვარტალში საფრანგეთის ეკონომიკა 6%-ით შემცირდა, გერმანიის მშპ-ს კი 10%-იან ვარდნას უწინასწარმეტყველებენ, - წერს Bloomberg-ი.
”ევროზონის ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის ნიშნები მესამე კვარტლიდან გამოჩნდება, თუმცა აქტივობის აღდგენა რეალურად უკვე 2021 წლიდან დაიწყება“, - განაცხადა გინდოსმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia– სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, „ნებისმიერ შემთხვევაში, 2021 წლის დინამიკა ვერ შეძლებს 2020 წლის ვარდნის კომპენსირებას“.