„ამერიკის შეეთებული შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”, - ამის შესახებ ამერიკის შერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების კუთხით.
აშშ-ის ელჩის ინფორმაციით, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს.
„დღეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. კოვიდ 19-ით გამოწვეული საგანგებო ვითარებისას, ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სექტორის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.
საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ამერიკის შეეთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით, მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”, - განაცხადა ელჩმა.