ახლა თბილისს წინსვლის შანსი აქვს და საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა შესაძლო მიმართულებით - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი პოლ გობლი, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, იაპონიის მთავრობისთვის ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეთავაზების თაობაზე.
"პანდემიის გამო ყველაფერი ისეა არეული, რომ შეასრულებს თუ არა იაპონია"ამ დაპირებას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა საქართველო აქტიური უნდა იყოს. ვფიქრობ, იაპონელებს ორმაგი ინტერესი აქვთ: ერთის მხრივ, ხელი შეუწყონ საკუთარ მარშრუტიზაციას და მეორეს მხრივ, უზრუნველყონ, რომ მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტის კონტროლი ჩინეთის ან რუსეთის ხელში არ იყოს. მაგრამ, პანდემიის გამო არავინ არ უნდა ელოდოს რაიმე დიდ გარღვევას მომავალი წლის დასაწყისამდე. თუმცა, ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, მათ შორის ისეთიც, რომელმაც სარგებელი შესაძლოა, დაუყოვნებლივ არ მოიტანოს. ახლა თბილისს წინსვლის შანსი აქვს და საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა შესაძლო მიმართულებით" - განაცხადა ანალიტიკოსმა. ცნობისთვის: იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს.
შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი - ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში. პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მოუწოდებს მთავრობას, ამ მიმართულებით გააქტიურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.