საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ პირველ კვარტალში შემოსულობების კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტმა 271 მილიონი ლარით მეტი მიიღო, გადასახადების სახით კი დაგეგმილზე 160 მილიონი ლარით მეტი, თუმცა მისივე თქმით, მეორე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები მნიშვნელოვნად დააკლდება.
ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების ოდენობამ 3 736,5 მლნ ლარამდე, ხოლო საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 2 673 მლნ ლარი.
„გადასახადების კუთხით ყველა გეგმა შესრულდა, გარდა ერთისა, მცირე დანაკლისია აქციზის მიმართულებით. ასევე ხარჯებიც შესრულებულია, 235 მილიონი ლარით მეტი გასწია ფინანსთა სამინისტრომ და ხაზინამ და კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ბუნებრივიცაა. მეორე კვარტალში, ეს მონაცემები ცხადია, იგივე მდგომარეობით ვერ გაგრძელდება. პრობლემები უკვე აშკარად მოჩანს აპრილის თვეში. შემოსავლები უკვე გვაკლდება, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში და პრობლემა ასევე ჩამოყალიბდება მაისშიც. როგორც საგადასახადო შემოსავლების ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილია 2.5 % მშპ-სთან მიმართებაში, რაც წლის განმავლობაში ჯერად გაიზრდება“,-აღნიშნა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა რეცესიაში შევა და შესაბამისად ის ეკონომიკური ზრდა 4.5%, რაც დაგეგმილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტით, უარყოფითი -4%, -5%, იქნება.
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის შესაბამის ცვლილებებს ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოს მაისში წარუდგენს. მისივე განცხადებით, შექმნილ კრიზისს საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება.