საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ელჩმა ვიდეომიმართვაში იმ დახმარებებზე ისაუბრა, რაც ამერიკულმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად აღმოუჩინეს.
კელი დეგნანის განცხადებით, USAID-მა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, რათა ფერმერებმა ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა შეძლონ.
„კრიზისი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას ძლიერ დარტყმას აყენებს. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგეტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, იმისთვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. ამ წელს უხვი მოსავალი მნიშვნელოვანია როგორც ფერმერებისთვის, ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტისთვის. USAID-ს სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პროგრამა ინოვაციური გრანტების კონკურსს აცხადებს, რომელის მიზანიც საქართველოს ეკონომიკის სტიმულაცია და ეკონომიკური ზრდის აღდგენაა. გრანტის მოპოვება შეუძლიათ საკვების მწარმოებლებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ახალი იდეები საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი სფეროს რამდენიმე მაგალითია. ამერიკის საელჩო მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, როდესაც კოვიდ-19-ის საფრთხე ჩაივლის,“- განაცხადა ელჩმა.
მისივე ინფორმაციით, საელჩოს გარდა, ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ამერიკული კომპანიებიც ეხმარებიან.
„მხოლოდ ამერიკის საელჩო არაა, ვისაც დახმარების სურვილი აქვს. საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება ქართველებს ამ რთულ ვითარებაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში. გარდა ამისა, ამერიკული ბრენდის რამდენიმე სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი", „რადისონ პარკ ჰოტელი" და „შერატონ გრანდი" საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარატინე სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. კოკა-კოლა" ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე ზონებში პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამერიკის სავაჭრო პალატის დახმარება მხოლოდ ფინანსური შეწირულობით და საკარანტინე სივრცეებით არ შემოიფარგლება. იგი, აგრეთვე, მოიცავს ზომებს ფინანსური ზეწოლის შესამჩირებლად სესხებზე საშეღავათო პერიოდის უზრუნველყოფით, ლაბორატორიული ტესტის კომპლექტებისა და პერსონალური დამცავი აღჭურილობის გადაცემას, ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად შეძლონ სწავლის გაგრძელება,“ - აღნიშნა ელჩმა.
კელი დეგნანმა აშშ-ს გარდა, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას გაუსვა ხაზი.
„აშშ მოხარული და ამაყია, რომ უერთდება საქართველოს მეგობრებს და სხვა საერთაშორისო დონორებს, რომელთა შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და სხვები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, სწრაფად გადალახოს პანდემიით გამოწვეული შედეგები და ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. ვუმკლავდებით რა ამ უპრეცედენტო ვითარებას ერთად, აშშ-ის საეჩლო გააგრძელებს სხვადასხვა გზების მოძიებას საქართველოს დასახმარებლად, სადაც ამის საჭიროება არსებობს”, - განაცხადა ელჩმა.