კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში რიგ პროდუქტებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მათ ღირებულებაზეც აისახა.
რეკომენდაციამ, რომ ნიორი და ლიმონი იმუნიტეტს აძლიერებს, მარტში ყველაზე მეტად სწორედ ეს პროდუქტები გააძვირა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ნიორი 273%-ით გაძვირდა, ხოლო ლიმონი - 66,85%-ით. ამ დროისთვის, 1 კგ ნივრის ფასი საშულოდ, 20-30 ლარს შეადგენს, ხოლო ლიმონის ფასი 6-დან 12 ლარამდეა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო თურქეთმა ლიმონის და მთლიანად ციტრუსის ექსპორტი აკრძალა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კი ნიორი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ლიმონის, ნიორის და ჯანჯაფილის (კოჭა) იმპორტი განხორციელდა საქართველოში.
საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლიმონის იმპორტი 153,7%-ით გაიზარდა, ნიორის - 474%-ით, ჯანჯაფილის კი - 118,8%-ით.
კერძოდ, 2020 წელის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში შემოვიდა:
ახალი და გაცივებული ნიორი - 157,3 ტონა (113,3 მლნ აშშ დოლარი), აქედან 105,7 ტონა ჩინეთიდან, 48,4 ტონა ირანიდან, 3,2 ტონა - სომხეთიდან.
ახალი ან ხმელი ლიმონი და ლაიმა - 711,8 ტონა (340,6 მლნ აშშ დოლარი), აქედან 690,3 ტონა თურქეთიდან შემოვიდა, 21,4 ტონა ნიდერლანდებიდან, 0,1 ტონა კი, დანარჩენი ქვეყნებიდან.
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - 46,4 ტონა (111.5 მლნ აშშ დოლარი), აქედან 44,2 ტონა ნიდერლანდებიდან, 1,4 ტონა ირანიდან, ხოლო 0,9 ტონა დანარჩენი ქვეყნებიდან.
რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს, ასე გამოიყურება:
ახალი და გაცივებული ნიორი - სულ 27,4 ტონა (16,5 მლნ აშშ დოლარი). პროდუქტის მთლიანი მოცულობა ჩინეთიდან შემოვიდა.
ახალი ან ხმელი ლიმონი და ლაიმა - 280,5 ტონა (108,5 მნ აშშ დლარი), აქედან 260,2 ტონა ლიმონი თურქეთიდან, 15,3 ტონა ნიდერლანდებიდან, ხოლო 4,9 ტონა ირანიდან შემოვიდა.
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - 21,2 ტონა (46,8 მლნ აშშ დოლარი), აქედან 20,8 ტონა ნიდერლანდებიდან შემოვიდა, 0,4 ტონა კი სხვა ქვეყნებიდან.