გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოსწავლეებს სთავაზობს ვებინარებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის მართავს ლექცია-სემინარებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს ვებინარებს: ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ქართული ღვინის ისტორიის, ვენახში საგაზაფხულო სამუშაოების, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების და ენერგიის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალდებულებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ან სხვა მათთვის სასურველი გარემოსდაცვითი და აგრარულ საკითხის შესახებ.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ცენტრი საგანმანათლებლო ლექციებთან ერთად დისტანციურად ახორციელებს სხვადახვა სახის ონლაინ აქტივოებებს, როგორც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ისე გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფის მიზნით.