თურქეთში თხილის მწარმოებლები სერიზული პრობლემის წინაშე დგანან. ფაროსანა თურქეთის შავი ზღვისპირეთის 8 რეგიონში უკვე გავრცელდა. როგორც east-fruit-ი წერს, ფაროსანა ქვეყანაში პირველად 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც საქართველოში ამ მავნებლის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა.
ექსპერტების შეფასებით, ფაროსანამ საქართველოში თხილის წარმოება 50 მლნ დოლარით აზარალა, მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კი დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. უკვე 2018 წელს შესაძლებელი გახდა მავნებლის კონტროლის ქვეშ მოქცევა, შესაბამისად, გაუმჯობესდა ქართული თხილის ხარისხი.
ახლა კი ანალოგიური პრობლემა თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას - თურქეთს ემუქრება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტის, სელალ ტუნსერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მავნებლის განადგურება არ მოხდება, ის წელს თხილის მოსავლის 30%-ს გააფუჭებს, - წერს Guardian-ი.
2020 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან თხილის ექსპორტი გაორმაგდა და 208 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიანად ამ სეზონზე კი, თურქეთიდან ექსპორტირებული იქნა 250 777 ტონა თხილი, რაც წინა სეზონთან შედარებით 32%-ით მეტია. თურქული თხილის იმპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები ახდენენ.