"მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ეს შეზღუდვები, რათა მაისის შუა რიცხვებიდან ამ შეზღუდვების ნელ-ნელა  მოხსნა დავიწყოთ"

ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას უნდა მივეჩვიოთ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას შეცვლის, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია.

„მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ. ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა ჩვენ მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, covid19-თან ბრძოლა ერთ ფრონტზე არ არის, ეს გახლავთ ბრძოლა ორ ფრონტზე- ადამიანის ჯანმრთელობის და ასევე ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე, ეს კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოველდღიურად ხდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართებაში მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია. ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ covid19 არის ჩვენს ცხოვრებაში მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ, როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გარკვეული რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც და ბიზნესიც. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით და ეს ობიექტური რეალობაა“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, მოქალაქეები რაც უფრო ზუსტად შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, მით მალე შეძლებენ ნორმალური ცხოვრების რეჟიმის დაბრუნებას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაოშორისო ორგანიზაციაც კი, კვლევითი ინსტიტუტებიც კი, ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ყველანი შევთანხმდეთ ერთ რამეზე - უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას შეცვლის, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა. მოგეხსენებათ, ინფიცირებულთა შედარებით მცირე რაოდენობა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთ-ერთმა ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გახარიამ.