საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით საქართველოში ორგანიზებულად 5866 მოქალაქე დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს პარლამნეტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ, ვრცლად ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებულ პროცესზე.
ნინუას განცხადებით, ხელისუფლების მიდგომები ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, არა მხოლოდ მოქალაქეების მექანიკურ გადაადგილებას „A - დან B - წერტილში“, არამედ მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობას და ეტაპობრივ დაბრუნებას სამშობლოში, რა მიზნითაც გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროტოკოლის ძირითადი მოთხოვნები.
„დღეის მდგომარეობით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5866 მოქალაქე. ეს სტატისტიკა განახლებადია ყოველ დღე და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ჯამში, ამ მომენტისთვის, თბილისის მიმართულებით განხორცილედა 22 რეისი“ , - განაცხადა მიხეილ ნინუამ.
როგორც ის აღნიშნავს, რეისებისა და მიმართულებების დადგენა ხდება იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ამა თუ იმ ქვეყანაშია სახეზე.
მიხეილ ნინუას ინფორმაციით, ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის მიერ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით უკვე განხორციელდა 13 რეისი (06.03. თეირანი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 23.03. ბერლინი-ბათუმი; 24.03. ათენი-თბილისი (ეგეოსის ავიახაზები); 26.03. ვენა-თბილისი; 31.03. ამსტერდამი-თბილისი; 03.04. ბერლინი-თბილისი; 04.04. ლონდონი-ბათუმი; 07.04. ათენი-თბილისი; 10.04. ლარნაკა-თბილისი; 10.04. დოჰა-თბილისი; 12.04. ბერლინი-თბილისი), პოლონეთის ავიახაზებთან (LOT) თანამშრომლობით განხორციელდა 5 რეისი (16.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 28.03. ვარშავა-თბილისი; 03.04. ვარშავა-თბილისი), ბელორუსიის ავიახაზების „ბელავია“ მიერ 3 რეისი (25.03. მინსკი-ერევანი; 29.03. მინსკი-ერევანი; 05.04. მინსკი-ერევანი) , ხოლო ავიაკომპანია „Myways“-ს მიერ 1 რეისი (ურუმჩი-თბილისი).
მან ასევე დაასახელა უახლოვეს მომავალში დაგეგმილია რეისები: 14.04. ამსტერდამი-თბილისი; 16.04. პარიზი-თბილისი; 18.04. თელ-ავივი - თბილისი; 21.04. რომი-თბილისი; 22.04. ერბილი-ბათუმი; 24.04. ბარსელონა-თბილისი;27.04. ვარშავა-თბილისი; 30.04. მადრიდი-თბილისი;02.05. პრაღა-თბილისი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია სპეციალურად შემუშავებული ელექტრონული განაცხადის ფორმით ხორციელდება, ხოლო კომუნიკაცია დაგეგმილი რეისების შესახებ კი - ყველა შესაძლო არხის გამოყენებით.
ამასთან, როგორც ნინუა აღნიშნავს, ავიაკომპანიასთან მჭოდრო თანამშრომლობით ხდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა, რათა, პირველ რიგში, მოხდეს მათი ბილეთებით უზრუნველყოფა, ბორტზე განთავსება და გამომგზავრება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით ასევე სარგებლობენ ტრანზიტული მგზავრები, ვისთვისაც ხდება შესაბამისი საორგანიზაციო და ლოგისტიკური ხასიათის დახმარების გაწევა, კერძოდ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში შეუფერხებლად მოხვედრა. ასევე, დიპლომატიური მისიები სახმელეთო მონაკვეთებზე უზრუნველყოფენ მოქალაქეებს შესაბამისი დერეფნებით და გადაადგილების საშუალებებით (ავტობუსები, მინი-ვენები). დიპლომატიური წარმომადგენლობები მოქალაქეებს ასევე ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში ეხმარებიან, რომლებიც სხვა ავია-კომპანიების მიერ სრულდება.
გარდა ამისა, პარლამნეტში გამოსვლისას მიხეილ ნინუამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული შეზღუდვების ფონზე, კიდევ უფრო გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები, რის გამოც შეფერხდა რიგი ქვეყნებიდან ცხედრების ტრანსპორტირება.
„მიუხედავად ობიექტური ხასიათის შეზღუდვებისა, ჩვენი საკონსულო სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მარშრუტებისა და საშუალებების გამოყენებას. სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და რეგულაციების გათვალისწინებით, ადგილზე უზრუნველვყოფთ ცხედრების სათანადოდ შენახვას (რიგ შემთხვევებში - დროებით სასაფლაოებზე დაკრძალვას). ნებისმიერი ზომა მიიღება მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონსულტაციითა და მათი თანხმობის საფუძველზე. მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, 1 მარტიდან დღემდე, საქართველოში 43 ცხედარი გადმოვასვენეთ და მიმდინარეობს 15 გადმოსვენების პროცედურა. სახელმწიფო განაგრძობს გადმოსვენების პროცედურების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.