„შეზღუდული სიმძლავრეებით გვიწევს მუშაობა, თუმცა ექსპორტის გეგმას ვასრულებთ“ - რა გავლენა იქონია კორონავირუსმა „შუხმან ვაინზე’’

„შეზღუდული სიმძლავრეებით გვიწევს მუშაობა, თუმცა ექსპორტის გეგმას ვასრულებთ“,- ამის შესახებ „შუხმან ვაინის’’ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კონონავირუსის გამო, კომპანიამ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება მთლიანად გააჩერა, თუმცა ღვინის წარმოება გრძელდება.

როგორც ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, წარმოება შეზრუდული სიმძლავრეებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბიზნესზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს იყო სრულიად დაუგეგმავი გამოწვევა, რისთვისაც არც საქართველოს ბიზნეს სუბიექტები იყვნენ მზად. რთულია, ასეთ დროს მართო სიტუაცია, ამან ძალიან დიდი დაბნეულობა გამოიწვია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ღვინის სექტორში, ამჟამად ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. აკრძალვა არ ეხება ჩვენს წარმოებას, რადგან ღვინო და ექსპორტი ეკონომიკის მასტიმულირებელი ერთ-ერთი სასიცოცხლო მიმართულებაა. უბრალოდ, შეზღუდული სიმძლავრეებით გვიწევს მუშაობა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, 10-ზე მეტი ადამიანის არ დაშვებით და ა.შ. წარმოებაში მოხდა როტაცია და არის მორიგეობითი წარმოების ციკლი.

დანარჩენი მიმართულებები გადავედით ონლაინ რეჟიმზე, ეს არის გაყიდვები, ექსპორტი და ა.შ. აქაც არანაირი შეფერხება არ არის, ადამიანები სახლიდან მუშაობენ.

რაც მთლიანად გაჩერდა, ეს არის სასტუმრო და სარესტორნო მიმართულებები, კახეთში სასტუმროში მდებარე რესტორანი და ძველ თბილსში რესტორანი. ეს თავისთავად ძალიან ცუდია და ველოდებით მსოფლიოში სიტუაციის დასტაბილურებას, რომ შევძლოთ ოპერირების განხორციელება“,-ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც „შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კომპანიის მთავარ საექსპორტო ქვეყნებში პანდემიასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ არსებობს.

„ჩვენ ფაქტობრივად, ყოველ კვირას ვახორციელებთ ექსპორტს. კარგი ის არის, რომ ჩვენი ღვინის ექსპორტი დამოკიდებულია იმ ბაზრებზე, სადაც პანდემიასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს და გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდნობა სულ უფრო იზრდება. ეს არის იაპონია, ჩინეთი და მონღოლეთის ბაზარები. ანუ, სამი საექსპორტო მიმართულება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამას ემატება რუსეთიც, სადაც მართალია, პანდემია არის, მაგრამ როგორც ჩანს, საკარანტინო პირობებში, სახლში ყოფნამ, ზოგადად, ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა გაზარდა.

ამ ეტაპზე ზუსტი მოცულობების თქმა არ შემიძლია, თუმცა დაზუსტებით გეტყვით, რომ ექსპორტის მიმართულებით, გეგმის მიხედვით მივდივართ“,-ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ნინი ქეთელაური
IATA - მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი 314 მილიარდ დოლარს მიაღწევს
მხოლოდ 1 დღეში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევის გამო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა
IMF-ი COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს ბიუჯეტში  დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარს გადმორიცხავს