სსფ-ს მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.
ამის შესახებ სავალუტო ფონდის პრესრელიზშია აღნიშნული.
რელიზის მიხედვით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.
სსფ-ს მიერ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.
„საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად. მიმდინარე წლის 1-13 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე.
მისიის დასასრულს ქალბატონმა ვერა მარტინმა განაცხადა შემდეგი:
,,პროდუქტიული დისკუსიის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ ქვოტის 130 პროცენტით (დაახლოებით $375 მილიონი აშშ დოლარით), რაც მოეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი (დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი) იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას მოეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე.
მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო ამა წლის მაისის დასაწყისში განიხილავს. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ქვოტის 155 პროცენტს (დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.
COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4-პროცენტიანი კლება. ამჯერად პროგნოზის გარშემო არსებული გაურკვევლობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ვაჭრობის შემცირება, ტურიზმის შეჩერება და გადმორიცხვების კლება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 111⁄3 პროცენტამდე გაზრდის 2020 წელს. გლობალურუად ინვესტორთა გაზრდილი სიფრთხილის გამო სავარაუდოა წმინდა კერძო შემოდინებების შემცირება და ინვესტიციების გადავადება.
COVID-19 პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-21 წლებში. ეს საჭიროება დაფინანსდება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით.
“ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ. 2020 წელს ფისკალური დეფიციტი დროებით გაიზრდება მშპ-ს 81⁄2 პროცენტამდე, რადგან შემოსავლები იკლებს, ხარჯები კი მატულობს ვირუსის შესაკავებლად და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.
ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის ბუფერს (რეზერვს) რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად.
ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა.
სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. ხელისუფლებამ სწრაფად უნდა აამოქმედოს კანონი საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ. საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება გააუმჯობესებს პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცთა შორის.
სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის,“-ნათქვამია პრესრელიზში.