2020 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან 2.4%-ით, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან 28.3%-ითაა შემცირებული

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან 2.4%-ით, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან 28.3%-ითაა შემცირებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება გადმორიცხული ფულადი გზავნილების მდგომარეობას, ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამურად 51.73 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა და წლიურ ჭრილში 2.4%-იანი კლება დაფიქსირდა. მათ შორის, 8.66%-ითაა შემცირებული ფულადი გზავნილები იტალიიდან და მარტში იტალიიდან საქართველოში 17.31 მილიონი დოლარია გადმორიცხული; 18.5%-ითაა შემცირებული გზავნილები ესპანეთიდან და 3.15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს; 18.7%-იანი კლება დაფიქსირდა საფრანგეთიდან; ხოლო პოლონეთიდან 11.56%-იანი.

ამასთან, მარტში 1.81%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან და 16.24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 26.37%-იანი ზრდა დაფიქსირდა გერმანიიდან და გადმოირიცხა 4.94 მილიონი დოლარი; ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები გაერთიანებული სამეფოდან (12.67%-ით) და კვიპროსიდან ( 3.13%).

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის მარტში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 25.39 მილიონი აშშ დოლარია გადმორიცხული და ეს მაჩვენებელი გასული წლის მარტის მონაცემს 28.3%-ით ჩამორჩება. ამასთან, 10.2%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები ისრაელიდან და 11.78 მილიონი დოლარი შეადგინა. საპირისპიროდ, ფულადი გზავნილები გაზრდილია აშშ-დან (2.31%-ით), უკრაინიდან (16.21 %-ით) და აზერბაიჯანიდან (45.38%-ით).