საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება მოხუცთა შორის სიღარიბეს შეამცირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მარტინი ხელისუფლებას მოუწოდებს, სწრაფად აამოქმედოს საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ კანონი. გარდა ამისა, მისივე შეფასებით, პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება მოხუცთა სიღარიბეს შეამცირებს.

„ხელისუფლებამ სწრაფად უნდა აამოქმედოს კანონი საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ. საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება გააუმჯობესებს პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცთა შორის. სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის”,-განაცხადა ვერა მარტინმა.

შეგახსენებთ, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას 2020 წელს, ხოლო მის ამოქმედებას 2021 წლიდან გეგმავს.