საგარეო უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან საქართველოში პირბადეების წარმოებისთვის საჭირო დოლბანდის მორიგი პარტია შემოვიდა

საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ, შემდგომი სამედიცინო გამოყენების მიზნით განახორციელა დოლბანდის მორიგი პარტიის (500 000 მეტრი) ტრანსპორტირება საქართველოში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პირბადეების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, საერთო ჯამში, განხორციელდა 1 650 000 მეტრი დოლბანდის ექსპორტი, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული აღმკვეთი ღონისძიებების ფონზე, საქართველოს საელჩო კოორდინაციას უწევდა საქართველოსთვის განკუთვნილი (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო) საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებას.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარებით და აზერბაიჯანის ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოტანილ იქნა საქართველოსთვის განკუთვნილი, განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე სამედიცინო ინვენტარი.

4 მარტიდან საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის კუთხით. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით, საქართველოში გადაყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე. საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შედეგად, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, ქ. ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სამშობლოში 5 ეტაპად დაბრუნდა საქართველოს 58 მოქალაქე. ასევე საქართველოს საელჩომ ხელი შეუწყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს 100-მდე მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება.

საელჩომ საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყო 168 ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვნები და ხანდაზმულები. სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფილ იქნა 70 ოჯახი. კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონების მუნიციპალიტეტებს გადაეცათ საქართველოში წარმოებული პირბადეები და სანიტარულ -ჰიგიენური საშუალებები.

საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მოქალაქეთა ზარების მიღება. საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ სამართლებრივ და ტექნიკურ დახმარებას, მათ შორის, მიგრაციისა და საბაჟო საკითხებში“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.