მეწარმეებისთვის საქმიანობის ნებართვის მიღება უნდა გამარტივდეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც გიგლა მიქაუტაძე აღნიშნავს, მეწარმეები მზად არიან რეკომენდაციების დაცვით განახორციელონ საკუთარი საქმიანობა, მთავრობას ამისთვის სპეციალური ნებართვის გაცემას სთხოვენ, თუმცა პასუხს ვერ იღებენ.
„მოვუწოდებთ მთავრობას, მუქარის ნაცვლად ბიზნესისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის მოქნილი და სწრაფი მექანიზმი შეიმუშაოს, რაც ბევრ კომპანიას გაკოტრებისგან გადაარჩენს. თუ საჭიროა, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გაზარდოს ის ჯგუფი, რომელიც ამ კომპანიების შესწავლასა და შეფასებას ახორციელებს.
დღეს, ასეულობით მცირე და საშუალო მეწარმე მზად არის, დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები და გააგრძელოს საქმიანობა. ამისთვის ისინი მთავრობას შემოწმებას და სპეციალური ნებართვის გაცემას სთხოვენ. თუმცა, პასუხს კვირების განმავლობაში ვერ იღებენ. მათ რიცხვშია ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ემსახურებიან №181 დადგენილებით უკვე უფლება მინიჭებულ კომპანიებს. თუმცა, აკრძალვის გამო, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეწარმეებმა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება სურთ, უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. შესწავლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს დასკვნას, ხოლო მათთვის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
გიგლა მიქაუტაძის განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.