საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ვარაუდით, მსოფლიო ავიაკომპანიების ჯამური ზარალი, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, 314 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს ამავე ასოციაციის უფრო ადრეულ ვარაუდთან შედარებით, 25 პროცენტით მეტია.
პროგნოზის გაუარესების ორი მთავარი მიზეზი სახელდება: მსოფლიოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით მეტად ზარალობს, ვიდრე ადრეული შეფასებით იყო ნავარაუდები. მეორეც, ავიახაზების აღდგენას, წინასწარ პროგნოზზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
IATA-მ ავიაკომპანიების მოსალოდნელი ზარალი პირველად 24 მარტს შეაფასა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ გადამყვანები ჯამში 252 მილიარდ დოლარს იზარალებდნენ. პირველადი შეფასება ითვალისწინებდა პროგნოზს იმის შესახებ, რომ სამგზავრო საჰაერო გადაყვანებით მიღებული ჯამური შემოსავალი 2020 წელს 55 პროცენტით შემცირდებოდა.
„კრიზისი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ვფიქრობდით და მისი შედეგების აღმოფხვრასაც მეტი დრო დასჭირდება“, - როიტერსთან საუბარში განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე იუნიაკმა.
ასოციაციამ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართა და სთხოვა, ავიაკომპანიებს ფინანსური დახმარება გაუწიონ, რის გარეშეც, ისინი რამდენიმე კვირაში გაკოტრდებიან.
საერთაშორისო საჰაერო ხაზების ჯგუფი (IAG), რომელიც „ლუფტჰანზას“ და „ბრიტიშ ეარვეიზს“ აერთიანებს, ვარაუდობს, რომ კომპანიები პირველ რიგში, ადგილობრივი რეისების შესრულებას განაახლებენ, როგორც ეს ჩინეთში მოხდა. საერთაშორისო რეისების აღდგენა კი მოგვიანებით დაიწყება.
IATA-ს ინფორმაციით, სწორედ საერთაშორისო რეისებია კომპანიების შემოსავლების ძირითადი წყარო და შესაბამისად, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ამ რეისების აღდგენა იქნება. ამიტომ, ასოციაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები მაქსიმალურად შეკვეცონ.