დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე 2520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, 2520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს.

“აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.