სუს-ი - გამოვლინდა უცხო ქვეყნის 778 მოქალაქე, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას

უცხო ქვეყნის 778 მოქალაქე საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი მაღალია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრაციის არხების მონიტორინგს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვდნენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვას. გასულ წელს სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა 778 პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების მიმართ შემდგომი რეაგირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 13 საქმეზე, ქვემდებარეობით სხვა საგამოძიებო დანაყოფიდან დამატებით გადაეცა სისხლის სამართლის 1 საქმე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 9 პირი.

„საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

აღნიშნული დეპარტამენტების სტრუქტურული დანაყოფების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ სისხლის სამართლის საქმეზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.